ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასება მკვეთრად გაიზარდა
ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასება მკვეთრად იზრდება. ერთ დღეში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 4%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად 3.3 ტრილიონ დოლარს აღწევს.
მკვეთრად, თითქმის 4%-ით მოიმატა ბიტკოინის ფასმა, რომელიც ამჟამად 95,000 დოლარად ივაჭრება, ხოლო მისი კაპიტალიზაცია $1.9 ტრილიონის ფარგლებშია.
5%-იანი ზრდა აქვს ეთერიუმს, რომელიც 3,300 დოლარამდე არის გაძვირებული და მისი საბაზრო შეფასება 400 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კრიპტოაქტივების მკვეთრი გაძვირება აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, ამერიკელმა სენატორებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომელიც კრიპტოვალუტების სექტორისთვის ფართო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას ითვალისწინებს.
ცვლილების ინიციატორების განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მიზანია მკაფიოდ განსაზღვროს ფინანსური მარეგულირებლების იურისდიქცია ამ სწრაფად მზარდ სფეროში, რაც, ექსპერტების ვარაუდით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციფრული აქტივების უფრო ფართო გამოყენებასა და დანერგვას.
კანონის მიღების შემთხვევაში, აღმოიფხვრება ის სამართლებრივი გაურკვევლობა, რომელიც წლების განმავლობაში აფერხებდა სექტორის განვითარებას და ხელს უშლიდა ინსტიტუციური ინვესტორების შემოსვლას ბაზარზე.
წყარო: ბიზნეს მედია
