რატომ იზრდება NOKIA-ს აქციები?
ფინურ სატელეკომუნიკაციო გიგანტ Nokia-ს მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგები აქვს. როგორც კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ 4.8 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, რაც პროგნოზირებულ მაჩვენებელზე €200 მილიონით მეტია.
ასევე, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აქვს კომპანიას მოგების მიმართულებით, რომელიც €435 მილიონს შეადგენს, რაც პროგნოზს თითქმის €100 მილიონით აჭარბებს.
საინტერესოა, რომ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები არა საცალო სექტორის მხრიდან მოთხოვნის ზრდით, არამედ Data-ცენტრების და AI-სტარტაპების გააქტიურებით არის განპირობებული, რომელთაც სტაბილური და სწრაფი ინტერნეტი სჭირდებათ და Nokia სწორედ მის მიწოდებას უზრუნველყოფს.
მართალია, ერთ დროს, Nokia მობილური ტელეფონის წარმოებით იყო ცნობილი, თუმცა დღეს კომპანია უკვე ამ ბიზნესში აღარ არის და ის სრულად კონცენტრირებულია სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის და მოწყობილობების წარმოებაზე - ამ მიმართულებით კი ის გლობალური ლიდერია.
ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს და Nokia-ს აქციების შეფასება თითქმის 10%-ით გაიზარდა.
წყარო: bm.ge
