რატომ შემცირდა Porsche-ს საოპერაციო მოგება?
გერმანული ავტომწარმოებელი Porsche არასახარბიელო ფინანსურ შედეგებს ასაჯაროებს. როგორც მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბუღალტრული ანგარიშგებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საოპერაციო მოგება 99%-ით შემცირდა და მან 40 მილიონი ევრო შეადგინა, ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული €404 მილიონისა.
მოგებასთან ერთად, კლების დინამიკა შეინიშნება გაყიდული ავტომობილების რაოდენობის და საერთო შემოსავლების მიმართულებითაც. კერძოდ, წელს გაყიდული ავტომობილების რაოდენობა 13,000 ერთეულითაა შემცირებული, ხოლო შემოსავლის კლება €1.7 მილიარდს შეადგენს.
ერთი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ Porsche ცუდ ფინანსურ მდგომარეობაშია, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მოგების შემცირება არა მოთხოვნის დრამატული კლებით, არამედ წელს განხორციელებული სტრატეგიული ინვესტიციებით არის განპირობებული, რაც ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯად აღირიცხება და მოგების მაჩვენებელს ამცირებს. უფრო კონკრეტულად, Porsche-მ 2.7 მილიარდი ევრო დახარჯა ახალი საწარმოების აშენებაზე, რომელთა ნაწილი ბატარეების, მოტორების და ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება ფოკუსირებული. საერთო ჯამში, წელს კომპანია €3.1 მილიარდის ინვესტირებას აპირებს.
Porsche-ს ხელმძღვანელობის განცხადებით, ამ ინვესტიციით კომპანიას ელექტრიფიკაციის მიმართულებით განვითარება და ახალი EV-ებისა და ჰიბრიდების წარმოდგენა სურს, მათ შორის ელექტრო Cayenne-ისა და 718-ის.
ცხადია, მოგების შემცირებაში წვლილი მიუძღვის აშშ-ის მიერ დაწესებულ სატარიფო პოლიტიკასაც, რომელიც პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარზე გერმანიიდან იმპორტირებულ ავტომობილებს მნიშვნელოვნად აძვირებს. მიუხედავად ამისა, Porsche პოზიტიურ პროგნოზს ინარჩუნებს და კომპანია ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას მოელის.
აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ ფორმალურად მოგების 99%-ით შემცირების მიუხედავად, Porsche-ს ავტომობილებზე მოთხოვნა ისევ მაღალია, განსაკუთრებით 911-ზე, რასაც ზედმეტი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.
წყარო: bm.ge
