admin
თარიღი: 20:07, 09 ნოემბერი 2025
საზოგადოება / კულტურა

ზუგდიდის მუზეუმი დავით დადიანის ხმლის შესყიდვას გეგმავს

ზუგდიდის მუზეუმი დავით დადიანის ხმლის შესყიდვას  გეგმავს

ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი გამარტივებული შესყიდვის წესით 22 000 ლარად გეგმავს შეიძინოს სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის 1816 წელს დამზადებული ხმალი.

მუზეუმის განმარტებით, ხმალი წარმოადგენს განსაკუთრებულ ისტორიულ და კულტურულ ფასეულობას. იგი აღჭურვილია ვერცხლის ვადით, ტყავის ქარქაშითა და უნიკალური მოსევადებით. ხმლის პირზე დაცულია წარწერა:

„მენგრელიის მეფე დავით დადიანისათვის, მომირთმევია მის მონა ხელოსანს, 1816-სა 18 სა თებერვალს“, ხოლო ვერცხლის ვადაზე მითითებულია ხელოსნის ვინაობაც „ნიკო მეგრელის შვილი“.

მუზეუმის განმარტებით, შესყიდვა საჭიროა კოლექციის შევსებისა და გამდიდრების მიზნით, რადგან აღნიშნული ექსპონატი დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებასთან და წარმოადგენს „შეუცვლელ ისტორიულ რელიქვიას“.

„ხმლის შესყიდვა ხელს შეუწყობს მუზეუმის ექსპოზიციის შთამბეჭდაობას და ვიზიტორთა ინტერესის ზრდას“, - ნათქვამია დოკუმენტში.

დავით დადიანის ხმალი მემკვიდრეობით ფლობს ამირან ჯორჯაძე, რომელმაც მუზეუმს ოფიციალური წერილობითი დადასტურება წარუდგინა საკუთრების შესახებ. მუზეუმის ინფორმაციით, სწორედ ეს გარემოება განსაზღვრავს გამყიდველის „ექსკლუზიურ უფლებამოსილებას“ ნივთის გასხვისებაზე.

შესყიდვის ღირებულება დადგინდა ექსპერტული შეფასებისა და ბაზრის შედარებითი ანალიზის საფუძველზე. მუზეუმის ცნობით, გათვალისწინებული იქნა ნივთის ასაკი, წარმომავლობა, მასალა და კულტურული მნიშვნელობა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა განისაზღვრება 2025 წლის 1-5 დეკემბრით.

მუზეუმის განმარტებით, „დავით დადიანის ხმალს ალტერნატივა არ გააჩნია“ და მისი ჩანაცვლება სხვა ექსპონატით „შეუძლებელია, რადგან მისი ღირებულება დამოკიდებულია ავთენტურობასა და წარმომავლობაზე“.

წყარო: bm.ge