მივიღეთ [ოცნების] საჩივარი, რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოვახდენთ - BBC
BBC, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალური საჩივრით მიმართა, ფორმულასთან ამბობს, რომ რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოახდენს.
საჩივარი ეხება 1 დეკემბერს BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ფორმულასთან BBC-ის სპიკერმა თქვა:
"ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მასზე რეაგირებას დადგენილი პროცედურის შესაბამისად მოვახდენთ. ჩვენი დოკუმენტური ფილმი: "როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის", რომელიც ჯილდოს მფლობელმა BBC Eye-ს გუნდმა მოამზადა, თბილისში შარშან, დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიებაა. ფილმი მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტების და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები.
ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, დაწესებულია გასაჩივრების თანმიმდევრობა, რომლის მიხედვითაც ჯერ თავად მედიას მიმართეს.
მისივე თქმით, "თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს".
წყარო: bm.ge
