ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 19:09, 15 იანვარი 2026
სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მომიტინგეების სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: მომიტინგეების სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ უარყო ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებისას მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები და ნებისმიერი მკვლელობა "ისრაელის შეთქმულებას" დააბრალა. ამაზე მან Fox News-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

არაღჩის თქმით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ინტერვიუში ის ირწმუნება, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.

არაღჩის უთხრეს, რომ შეფასებების მიხედვით, ირანში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, თუმცა მისი მტკიცებით დაღუპულია ასობით ადამიანი.

"როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს "დაეშის" სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და ისროლეს პოლიციელებისა და ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ"- ამბობს ის.

14 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ოვალურ კაბინეტში ირანთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

დონალდ ტრამპის თქმით, მას აცნობეს, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯის გეგმა აღარ არსებობს.

ამასთან, 14 იანვარს, დღის მეორე ნახევარში როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ირანში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევის დაწყება მომდევნო 24 საათის განმავლობაშია მოსალოდნელი.

უკვე მე-19 დღეა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა.

წყარო: formulanews

ახალი ამბები