ანა გულედანი
თარიღი: 01:24, 29 ნოემბერი 2025
საზოგადოება / კულტურა

15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

15 გენიალური ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან

1861 წლის 14 ივლისს, სოფელ ჩარგალში, სოფლის მღვდლის პავლეს და ბარბალე ფხიკელაშვილის პატარა ქვითკირის სახლში ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა, რომელსაც ქართულ მწერლობაში ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ეს ფსევდონიმი ვაჟას თუშმა მეგობარმა, დიმიტრი ცისკარიშვილმა პეტერბურგში სწავლის დროს შეურჩია, რადგან ფშავ-ხევსურეთში „ვაჟა“ კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავდა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ვაჟამ ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის – „კაი ყმის“ კულტი დაამკვიდრა.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით და სიყვარულით სარგებლობდა. ვაჟას გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსებიც მთაში, ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში ცხოვრება სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების უსასრულო ჭიდილის სახითაა წარმოდგენილი. ქართველ პოეტთა შორის, ის ბუნების საიდუმლოს ყველაზე ღრმად ჩაწვდა. ბუნების უძლიერესმა ესთეტიკურმა შეგრძნებამ განაპირობა ის, რომ ვაჟა-ფშაველა უდიდეს ჰუმანისტად მოგვევლინა, რომელმაც ქართულ მწერლობაში წარუშლელი კვალი დატოვა. ვაჟას პოეტური სამყარო, სადაც სიყვარული, მეგობრობა და ბუნების სიწმინდე მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს, ყველასგან განსხვავებულია.

ვაჟამ თავისი მსოფლმხედველობით მე-19 საუკუნეს ბევრად გაუსწრო.

ვაჟა-ფშაველას მოთხრობები წიგნად პირველად 1889 წელს დაიბეჭდა. პირველ გამოცემას 1896-1898 წლებში კიდევ რამდენიმე წიგნი დაემატა, მათ შორისაა „ამოდის, ნათდება“ და „ახუნდი“, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში ინახება.

ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა. პოეტმა სიკვდილის წინ, მოწყალების დას ლოგინის იატაკზე გაშლა და გარეშემო მინდვრის ყვავილები დაყრა თხოვა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:

,,მუხთალო წუთისოფელო,

ტანჯული შვილი გშორდები,

თუ ვინმეს ვალი მიმყვება,

იქიდან გავუსწორდები’’.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაზა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან:

„ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი“ – ,,საახალწლო’’

„ათას ცოცხალსა ბევრჯელა ასჯერ ჯობს ერთი მკვდარია“ -,,ხმელი წიფელი”.

„ბევრად სჯობია სიკვდილი მშობელი დედის წყენასა“ – „გაზაფხულის საღამო”.

„ბრიყვი ჭკვიანის ბარგია, ზურგით სათრევი გუდადა, უნდა ჭკვიანმა ასწოროს ბრიყვის ნათალი მრუდადა“ – „ქებათა ქება”.

„დიაცსა მუდამ უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა“ – ,,სტუმარ-მასპინძელი”.

„ვაჰ რა ძნელია ჰკვდებოდეს, იკარგებოდეს სახელი“ – ხმელი წიფელი”.

„ვერ მოაწონებთ კარგ ყმასა, რაც არ უჯდება ჭკვაში!“ – „ქეიფი“.

„თავის მარცხს კაცნი ვერ ვიტყვით, ჩქარა ვიუბნებთ სხვისასა“ – ,,გველის მჭამელი”.

„კაცი ბეჩავის მჩაგვრელი სად გაგონილა გმირიო?“ – ,,მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”.

„ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“ – ,,საახალწლო”.

„მით ვიქებ ვაჟკაცობასა არ იყიდება ფულადა“ – ალუდა ქეთელაური”’.

„ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს, რა უშავს ჩოხას ძველასა“ – „მუტრუკი მიტომ მუტრუკობს”.

„სწავლა ციხეა მაგარი, ნაგები მტრისა შიშადა“ – „წერილები მეგობარს”

„ღმერთმა გიშველოს სიკვდილო სიცოცხლე შვენობს შენითა და შენც სიკვდილო ფასი გზე სიცოცხლის ნაწყენობითა“ -,,მოგონება”.

„ხმლის ქნევას მადლი მაშინ აქვს, როცა ხმალს ხედავ მტრისასა!“- ,,გოგოთურ და აფშინა”.

წყარო: okmagazine

ახალი ამბები