ჯორჯ კლუნი საფრანგეთის მოქალაქე გახდა
ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ თავისი ცხოვრება საფრანგეთს დაუკავშირა. სააგენტო AFP-ის ცნობით, მან მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.
კლუნი და მისი ოჯახის წევრები საფრანგეთის მოქალაქეები ოფიციალური ბრძანების საფუძველზე გახდნენ, რომელიც მოქალაქეობის მინიჭებას ეხება. ამგვარად, შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი იურიდიულად, ფრანგად გახდა.
სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდა, 2021 წელს ჯორჯ კლუნიმ მეუღლესთან ერთად საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბრინიოლის კომუნაში სახლი და ვენახი შეიძინა, დეკემბრის დასაწყისში კი ტელეარხ RTL-ის ეთერში ფრანგული ენისა და კულტურის მიმართ სიყვარული საჯაროდ გამოხატა. ამჟამად კლუნის ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ საფრანგეთის სამხრეთში ატარებს.
AFP აღნიშნავს, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის მიმართ ინტერესს სხვა ცნობილი ამერიკელებიც იჩენენ. მაგალითად, რეჟისორმა ჯიმ ჯარმუშმა 26 დეკემბერს, რადიოსადგურ France Inter-ის ეთერში, საჯაროდ განაცხადა, რომ ფრანგული პასპორტის მიღებაზე ოცნებობს.
